English / ქართული / русский /
ლია დვალიშვილისოფიო დავითაშვილი
გარემოს დაცვა - ახალი პლანეტარული წესრიგის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი

ანოტაცია. გარემოს დაცვა მსოფლიოს ერთ-ერთი მწვავე გლობალური პრობლემაა.ნაშრომში გაანალიზებულია როგორ უკავშირდება გარემოს დაცვა ცხოვრების მაღალ ხარისხს, პლანეტარულ წესრიგს.

ვრცლად მიმოხილულია გარემოსდაცვითი პრობლემების სფეროში საკანონმდებლო აქტების მიღების განმაპირობებელი ფაქტორებისა და ღონისძიებათა ვრცელი სისტემის შესახებ. მოყვანილია გარემოს დაბინძურების შედეგად სიკვდილიანობით გამოწვეული ზარალის და ცხოვრების ხარისხის გაუარესებით მიყენებული ზიანის ამსახველი მონაცემები. მიმოხილულია პრობლების მართვის მეთოდებისა და ღონისძიებების შესახებ ცალკეული ქვეყნების მიხედვით. აღნიშნულია კორონავირუსის გავლენით მსოფლიო მასშტაბით ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირების თაობაზე. პრობლემის მართვაში მსოფლიო მასშტაბზე გათვლილი ფართო პროფილის სამეცნიერო გუნდის აქტიური მუშაობის შესახებ.
ხაზგასმულია, გარემოს დაცვის სფეროში დანერგილი სიახლეების თაობაზე.

საკვანძო სიტყვები: გლობალური პრობლემა, გარემოს დეგრადაცია, გარემოს მიკრობიოლოგიური დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, ჰაერის ხარისხი, მდგრადი განვითარება, მწვანე ეკონომიკა, კორონავირუსის პანდემია.

დღეს მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესში გლობალური პრობლემების როლი და გავლენა ამა თუ იმ ქვეყნის განვითარებაზე არსებითია და უმრავლეს შემთხვევაში არაპოზიტიური კონტექსტით აისახება. ზოგიერთიშეფასების თანახმად კაცობრიობის თითქმის 300 პრობლემას გლობალური ხასიათი აქვს. მათ შორის ერთ-ერთი  ყველაზე მწვავე დაკავშირებულია გარემოს დაცვასთან. გარემო კაცობრიობის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და მამოძრავებელი ძალაა.იგი მსოფლიოს მოსახლეობას სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსებით უზრუნველყოფს.

თავისი არსებობის დასაბამიდან ადამიანი მთლიანად იყო დამოკიდებული გარემოზე, მაგრამ გონების განვითარებასთან ერთად ის თვითონ გახდა დედამიწაზე შემდგომი ევოლუციის მძლავრი ფაქტორი.

ადამიანი თავისი ეკონომიკური საქმიანობით ზემოქმედებს ბუნებრივ გარემოზე, იყენებს რა მის წიაღისეულ, კლიმატურ, წყლის, ნიადაგის, მცენარეულ თუ ფაუნის რესურსებს, რომელთაც მიემატა ატომური და პლანეტარულ-კოსმოსური რესურსიც. ეს აისახება რელიეფზე, ჰიდროგრაფიულ ქსელზე, მიკროკლიმატურ პირობებზე, მცენარეულ და ცხოველთა სამყაროზე.

ბუნებაზე ადამიანის გავლენა აუარესებს მიწის, ჰაერის და წყლის რესურსებს. მსოფლიოს ზრდადი მოსახლეობა სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს მიწაზე და ბუნებრივ რესურსებზე. მრავალ შემთხვევაში სუფთა წყალი იშვიათობაა, ქრება ტყეები, საფრთხე ექმნება ბიომრავალფეროვნებას.

იმის გააზრება,რომ მსოფლიოს ქვეყნები მხოლოდ საკუთარი რესურსებით ვერ შეძლებენ თავის დაცვას გარემოს არახელსაყრელი ცვლილებებისაგან,გავლენას ახდენს გეოპოლიტიკასა და გლობალურ მართვაზე.

ადამიანის მხრიდან გარემოზე განხორციელებული არარაციონალური ქმედებების მიზანი, მასზე მორგებული და მისი ინტერესების შესაბამისი მიზნების განხორციელებაა მათივე კეთილდღეობისთვის. ანუ ბუნებას, ადამიანსა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას შორის არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. ამ კავშირების წრეზე კი ადამიანის ქმედება განსაზღვრავს ნეგატიური შედეგების მასშტაბებს. ენერგიის მოხმარებას, ნარჩენების ზრდას, ახალი სამრეწველო ტექნოლოგიების შექმნას და არასწორად წარმოებულ სოფლის მეურნეობას თან ახლავს სხვადასხვა ნივთიერებების და მათ შორის სათბურის გაზების გაფრქვევა ატმოსფეროში, რაც არის გლობალური დათბობის და წლების მანძილზე ჩამოყალიბებული გლობალური კლიმატის და კლიმატური ზონების ცვლილების ძირითადი მიზეზი.

რაც უფრო მეტად ახერხებს ადამიანი გამარჯვებას ბუნებასთან ურთიერთქმედების პროცესში, მით უფრო მეტი ზომით აგებს იგი მასთან  საბოლოოდ.

გარემო ბუნება წარმოადგენს  რა გარე სამყაროს რაღაც კონკრეტულ ან მთლიან ნაწილს და მასში მიმდინარე მოვლენების ერთობლიობას, გვევლინება როგორც განსაკუთრებული სფერო მისი ყველა სახესხვაობითა და კონკრეტულობით, ამიტომ მისი მეცნიერული გამოკვლევა არა მხოლოდ ეკონომიკური მეცნიერების, არამედ მთელი რიგი საბუნებისმეტყველო, ტექნიკური და საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლის საგნად იქცა. მეცნიერული კვლევის შედეგები ყველა მიმართულებით ადამიანის ბუნებასთან არამზრუნველი დამოკიდებულების საბოლოო უარყოფითი შედეგების თაობაზე მიანიშნებს.

თანამედროვე ეტაპზე, თავბრუდამხვევი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის, წარმოების მასშტაბებისა და ტემპების არნახული ზრდის პირობებში საქმე გვაქვს გარემოს გლობალურ დაბინძურებასთან. გარემოს გლობალური დაბინძურების შემთხვევაში, მეცნიერული კვლევების უმთავრესი მიზანია მოახდინოს ბუნებათსარგებლობის შერწყმა ბუნების დაცვასთან, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციის გადარჩენის ძირითადი პირობაა.

უნდა აღინიშნოს რომ, გარემოს გლობალური დაბინძურების ახლანდელი ტემპი სასწორზე დებს თანამედროვე ცივილიზაციას და მთლიანად ბიოსფეროს გადარჩენის პრობლემას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით გარემოს დაბინძურება წელიწადში 7 მილიონამდე ადამიანის დაღუპვას იწვევს.

,,ადამიანის ბედი ასე სასიცოცხლოდ არასოდეს ყოფილა დამოკიდებული დედამიწის ცოცხალ ბუნებაზე. ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევით და პლანეტის სასიცოცხლო სივრცის უზომოდ შეკვეცით ადამიანი ბოლოს და ბოლოს თვითონ გაუსწორდა საკუთარ სახეობას“. ეს სიტყვები ეკუთვნის ცნობილ მეცნიერ ეკოლოგს, ,,რომის კლუბის’’ დამაარსებელს--- აურელიო პეჩენის. მსოფლიო ცივილიზაციის გამაოგნებელი სიმაღლეების მიღწევის გამო საერთო პლანეტარული პრობლემა გახდა გლობალური ეკოლოგიური პრობლემები.

ეკოლოგთა ცნობილი ფრაზა: ,,არცერთ ცოცხალ სახეობას არ შეუძლია არსებობა საკუთარი ნარჩენებისგან შექმნილ გარემოში“, რეალურ და სახიფათო შინაარს იძენს. სხვადასხვა წარმოშობის ნარჩენების რაოდენობა ელვის სისწრაფით იზრდება, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში.

გლობალურ-ეკოლოგიური სისტემის დეგრადაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიჩნეულია წარმოებისა და სხვა სახის ნარჩენებით ( ყველა აგრეგატული მდგომარეობით) ზეგაბინძურება. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში მთლიანი ნედლეულის 95 %-მდე ნარჩენებზე მოდის. მრავალნარჩენიანი ტექნოლოგიების მქონე ქვეყნებიდან უპირველესად გამოსაყოფია რუსეთი, სადაც საშუალოწლიურად 7 მილიარდი მყარი ნარჩენი გროვდება.

თანამედროვე ეტაპზე მთელ პლანეტარულ ვითარებაზე განსაკუთრებით აღსანიშნავია გარემოს დაბინძურება ადამიანური ცხოველქმედების ნარჩენებით (ქიმიურით და რადიაციულით). უპირველეს ყოვლისა იგი შესამჩნევ გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და კატასტროფულად ამცირებს იმ ადგილებს, რომლებიც ცხოვრებისა და დასვენებისთვის სასურველია. დედამიწის ეკოლოგიურად ხელსაყრელი რაიონები იძენს განსაკუთრებულ ფასეულობას და მნიშვნელოვანი რესურსი ხდება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მათ ფლობენ.

განვითარებული ქვეყნები ისწრაფვიან გათავისუფლდნენ დამაბინძურებული ნივთიერებებისაგან, ამიტომ ნარჩენებს ღარიბ ქვეყნებში მარხავენ, რითაც მათ თავისებურ სანაგვეებად აქცევენ. პლანეტის გადაქცევა ერთიან ეკონომიკურ სისტემად, რომელიც მყისიერი მოგებებით იმართება, მსგავს პროცედურას იოლად განსახორციელებელს და ხელსაყრელს განვითარებული ქვეყნებისთვის ხდის.

ცნობილია, რომ ქვეყნები ცდილობენ მივიდნენ კონსესუსამდე გარემოსთან დაკავშირებულ უამრავ საკითხზე, შეამცირონ გამონაბოლქვი და აღმოაჩინონ წარმოების ახალი გზები, რომელიც გარემოსთვის არ იქნება ზიანის მომტანი, რასაც ითვალისწინებს მდგრადი განვითარება და მწვანე ეკონომიკის კონცეფცია.

მართალია განვითარებული ქვეყნები ისწრაფვიან გადავიდნენ ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებზე , მაგრამ შავი მეტალურგიის, ქიმიური წარმოებების, სასარგებლო წიაღისეულის და სხვა ეკოლოგიურად სახიფათო წარმოებებისაგან თავის დაღწევას კაცობრიობა ვერც ახლა და ვერც უახლოეს მომავალში ვერ შეძლებს. მათ  გარეშე განვითარებული ქვეყნები და ყველა სხვა დანარჩენი უბრალოდ ვერ იარსებებს. დღესდღეობით სხვადასხვა ქვეყნის მიერ ატმოსფეროს და ოკეანის დაბინძურებაში შეტანილი წვლილი ძალზე განსხვავდება. ზოგიერთი განვითარებული ქვეყანა გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო ყოველწლიურად კარგავს მშპ-ის 7,5 %-ს. (11 )

გარემოს დაბინძურების პრობლემა სამრეწველო წარმოების შემდომი განვითარებისა და მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების აუცილებლობასთან ერთად ერთ-ერთი ფაქტორთაგანია, რომელიც ახალი პლანეტარული წესრიგის ჩამოყალიბების სტიმულირებას ახდენს.

ზემოთაღნიშნული პრობლემა ეხება რა მრავალ ქვეყანას, დედამიწის ატმოსფეროს, მსოფლიო ოკეანეს, კოსმოსურ სივრცეს და დედამიწის მოსახლეობას, იგი ვერ იქნება გადაწყვეტილი რომელიმე ერთი ქვეყნის ძალებით. აუცილებელია შეთანხმებული ეკონომიკური პოლიტიკა და ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც გარემოს დაცვაზე, ცოდნის და ტექნოლოგიების გაცვლაზე, ჩამორჩენილი ქვეყნებისთვის დახმარებაზე და სხვაზე იქნება მიმართული.

მსოფლიო პრაქტიკაში ეკოლოგიური ტექნოლოგიის დანერვის სტიმულირება სხვადასხვა გზით ხდება.კერძოდ, ეს არის ბუნებადამზოგავი წარმოება, წესები, ნორმები, საკანონმდებლო აქტები, დაბინძურების შემცირებისათვის სუბსიდირების დაწესება, დაბეგვრით სტიმულირება და ა.შ.

ზოგადად, გარემოს დაცვა სხვადასხვა დონის ლოკალურ, ეროვნულ და საერთაშორისო პრობლემების დონეს მოიცავს. ამის შესაბამისად ჩამოყალიბდა გარემოს დაცვის ორგანიზაციების მრავალსაფეხურიანი სტრუქტურა, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოებრივ ზომებს.

ბუნების დეგრადაციაზე რეაქცია აშშ-ში, იაპონიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოებში გამოიხატა გარემოს დაცვის სფეროში საკანონმდებლო სისტემის შექმნაში. მოცემულ სახელმწიფოებში გარემოს დაცვის სფეროში კანონმდებლობის განვითარების ძირითად იმპულსად მიჩნეული იყო და არის საზოგადოებრივი ეკოლოგიური მოძრაობა. გარემოს დაცვის სფეროში მიღებული კანონები უმეტესწილად არის რეაქცია მძაფრ ეკოლოგიურ პრობლემაზე.

ქვეყნებს შორის გარემოს დაცვის საკითხები განსხვავებულია. ცნობილია, რომ განვითარებული ქვეყანა არეგულირებს გარემოს დაბინძურებას, ქიმიური ნარჩენების გადამუშავებას, სამუშაოზე ქიმიური მასალების გამოყენებას სპეციალური საკანონმდებლო აქტებით. ეს კანონები არ გააჩნია ზოგიერთ განვითარებად ქვეყანას, რაც მულტივირებულ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, იმაზე უფრო მაღალი დონით დააბინძურონ გარემო, ვიდრე დასაშვები იქნებოდა მათ ქვეყნებში.

ზოგადად, განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობა გარემოს დაცვის სფეროში ღონისძიებათა ვრცელ სისტემას მოიცავს:

1. გარემომცველი სამყაროს ხარისხის სტანდარტის დადგენა;

2. სხვადასხვა ობიექტებიდან გამონაბოლქვის კონტროლი;

3. მძიმე მეტალების წარმოებისა და მოხმარების შემცირება;

4. ბუნებადამცავი საქმიანობის დაგეგმვა , კონტროლი და სხვა.

ბუნებისდაცვით სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთ მსოფლიო ლიდერად მიჩნეულია ევროკავშირი. მისი ეკოლოგიური სისტემა მთლიანადაა დაკავშირებული გარემოს დაცვის ღონისძიებათა სისტემასთან. გარემოს დაცვა წარმოადგენს ეკ-ის მოღვაწეობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას.

ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გარემოსდაცვით პრობლემას ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს. ევროპის ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის 95% განიცდის მტვრის შეწონილი ნაწილაკების  და მიწისპირა ოზონის მავნე ზემოქმედებას. ევროკავშირში ჰაერის დაბინძურება ადრეული სიკვდილიანობის მთავარი გარემოსდაცვითი ფაქტორია.

ჰაერის დაბინძურება მსოფლიო მასშტაბით სიკვდილის გამომწვევი რიგით მეოთხე რისკ ფაქტორია მეტაბოლური რისკების, კვების რეჟიმის დარღვევებისა და თამბაქოს მოხმარების შემდეგ.

მსოფლიოში ყოველი მეცხრე გარდაცვალება დაბინძურებულ ჰაერს უკავშირდება. მათ შორის ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობის 36%; ინსულტის 34%; გულის დაავადების 27% და ფილტვის ქრონიკული დაავადებების 35%.(18)

ფაქტია,რომ ცხოვრების მაღალი ხარისხი დამოკიდებულია ჰაერის მაღალ ხარისხზე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკური განყოფილების მიერ შემუშავებული ჩარჩო-რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების მიხედვით განსაზღვრულ 12 ძირითად მიმართულებას შორის, რომელიც გარემოსდაცვითი სტატისტიკის მთავარ სფეროებს ასახავს, ერთ-ერთ მიმართულებად ჰაერის ხარისხი განისაზღვრა.

აშშ-ში, ევროკავშირის მსგავსად, პრიორიტეტი ენიჭება ჰაერის დაცვას. აშშ-ის კანონების საფუძველზე ეკოლოგიური მოთხოვნები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: ბუნებრივი რესურსების ხარისხის ნორმატივები (წყალი და ატმოსფერული ჰაერი) და მათზე ზემოქმედების ნორმატივები. ეკოლოგიური სამართლის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშად ითვლება განსაკუთრებული ყურადღების გამოვლენა გამორჩეული ეკოლოგიურ-სამართლებრივი სტატუსის მქონე ტერიტორიების მიმართ.

ბოლო წლებში აშშ-ში მიღებული იქნა მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები, რომლებიც მიმართულია ხანგრძლივი ენერგოუზრუნველყოფისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ ქვეყნის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში. მათ რიცხვში შედის კანონები: „ალტერნატიულ ძრავის საწვავზე“, „სუფთა ჰაერზე“, „ენერგეტიკულ პოლიტიკაზე“ და სხვა.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ამ ქვეყანაში ჰაერის ხარისხის კონტროლში ინვესტირებულ ყოველ 1 დოლარს 30 დოლარის მოგება მოაქვს(11).

გერმანიაში ჰაერის დაცვის მიმართულებით უპირატესობა ენიჭება მთელ რიგ ეკონომიკურ და ფინანსურ ღონისძიებათა სტიმულირებას, ლგოტებს, სუბსიდიებს, კაპიტალდაბანდებებს. გერმანია საკუთარ კომპანიებს სთავაზობს არჩევანის თავისუფლებას, ჰაერის დაცვის მიმართულებით თავად შეარჩიონ ესა თუ ის მეთოდი. ერთი და იმავე დასახლებაში მდებარე კომპანიებს კი შეუძლიათ ძალისხმევის გაერთიანება დაბინძურებასთან ბრძოლის წინააღმდეგ.

იაპონიაში გარემოს დაცვის მიმართულებით მიღებულ კანონს გააჩნია როგორც იურიდიული, ისე მეთოდოლოგიური ბაზა. გარემოს დაცვის სფეროში ძირითადად არსებობს ორი ტიპის ნორმატივი - მიზნობრივი და მიმდინარე. მიზნობრივი ნორმატივები   ზღვრული მაჩვენებლების ანალოგიურია, მიმდინარე ნორმატივები კი მიიღება განსაზღვრული დროით და ითვალისწინებს დაბინძურების თანდათანობით შემცირებას.

ზემოხსენებული ქვეყნები გლობალური სამყაროს მხოლოდ მცირე ნაწილია. ამ სამყაროში, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონის მიუხედავად, დამაბინძურებელი, მომწამვლელი ნივთიერებებისაგან თავის დაცვა ერთნაირად სჭირდება ყველას - როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მოსახლეობას, მათ შორის საქართველოსაც.

საქართველო, ისევე, როგორც მთლიანად თანამედროვე სამყარო, განვითარებისა და ტექნოლოგიური წინსვლის ფონზე უამრავი გარემოსდაცვითი პრობლემისა თუ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ბოლო ათწლეულში კლიმატის ცვლილებამ, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ის ეკოლოგიური გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ.

საქართველოში ჰაერის ხარისხი ევროკავშირის მიერ დაწესებულ ნორმებთან შეუსაბამოა. ჩვენს ქვეყანაში ჰაერის დაბინძურება საკმაოდ მაღალია, ხოლო კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებსაც კი ვერ უახლოვდება.

ევროკავშირი საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება ავალდებულებს საქართველოს, ,,გაააქტიუროს დაახლოვება ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლო­ბასთან გარემოს დაცვის მართვის საქმეში“ და ასევე ,,მოახდინოს გარემოს დაცვის საკითხების ინტეგრირება პოლიტიკის სხვა სფეროებში“. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირმა გარემოს დაცვის პოლიტიკაში ქვეყნის მასშტაბით  უფრო მეტი კრეატიულობა და სიცხადე შეიტანა.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსთან (EEA) მუშაობის შედეგად, საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონაცემების ნახვა უკვე ევროპულ პორტალზეც უწყვეტ რეჟიმშია შესაძლებელი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი ინოვაციაა სამრეწველო ემისიების შესაბამისად და მათი რეგულირების ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებზე გადასასვლელად 2010/75/EC დირექტივის საფუძველზე შემუშავებული ,,სამრეწველო გაფრქვევების კონტროლის შესახებ“ კანონის პროექტი. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული კანონის მიღების ვადა, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, 2018 წელი იყო. თუმცა მისი რიგი უმნიშვნელოვანესი დებულებების ამოქმედების ვადად გათვალისწინებულია 2020-2026 წლები.

ევროკავშირისკენ სწრაფვა გვავალდებულებს, მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს. საჭიროა კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი კონცეფციის განხორციელებას, უფრო კონკრეტულად, ჰაერის დაბინძურების შემცირებას. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მსხვილ ქალაქებში, სადაც სამრეწველო ობიექტების და ტრანსპორტის გამონაბოლქვი აბინძურებს ჰაერს. საჭიროა შეიქმნას ატმოსფერული ჰაერის დაცვის ეფექტიანი პროგრამები მსხვილი ქალაქებისთვის. ქვეყანაში უკვე არსებული თანამედროვე ავტომატური მონიტორინგის ქსელი საშუალებას იძლევა სწორედ ევროპული სტანდარტით მოხდეს ჰაერის ხარისხის შეფასება. კარგი იქნებოდა ევროპული ქვეყნების გამოცდილების − ჰაერის  დაცვისადმი    განსხვავებული − ინტეგრირებული მიდგომის გამოყენების გაზიარებაც. ეს მიდგომა ემყარება კონკრეტულ რეგიონში ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების იმგვარად გატარებას, რომ ის არ იწვევდეს  ჰაერის დაბინძურების ზრდას სხვა რეგიონში.

ბოლო წლებში მსოფლიო დღის წესრიგში მოქცეულმა პრობლემამ -გარემოს მიკრო ბიოლოგიურმა დაბინძურებამ- კორონავირუსის გამოჩენამ, მსოფლიო ახალი გლობალური გამოწვევის წინაშე დააყენა. კორონავირუსის პანდემიამ კვლავ სასწორზე დადო ბუნებისა და ადამიანთა საზოგადოების განვითარება. ეს ის  შემთხვევაა, როცა კანონმდებლობა უძლურია პრობლემის მართვაში. როგორც გამოიკვეთა, გამოსავალი აქ მხოლოდ და მხოლოდ სამეცნიერო კვლევებზე იყო მიმართული, რომელიც მსოფლიო მასშტაბზე და ფართო პროფილის სამეცნიერო გუნდზე გადიოდა. უხილავ მტერთან ბრძოლაში იმ ქვეყნებმა მიაღწიეს წარმატებას, სადაც აქცენტი გაკეთდა მეცნიერებაზე,სხვა დანარჩენ ღონისძიებებთან ერთად.

უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო მასშტაბით გამოიწვია ჰაერის ხარისხის ზრდა, რაც საგანგებო მდგომარეობის შემოღებით აიხსნება. მიმოსვლის საშუალებების მკაცრმა შეზღუდვებმა გავლენა მოახდინა ემისიების მოცულობაზე, შესაბამისად გამონაბოლქვზე, შედეგად ჰაერის ხარისხზე. ორმაგად შესამჩნევი გახდა ჰაერის გაჯანსაღება მსოფლიო მასშტაბით, დაბინძურებული ჰაერი ქვეყნიდან თითქმის გაქრა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სატრანსპორტო სექტორი არის გარემოს პირველი დამაბინძურებელი წყარო.

მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღინიშნოს მეცნიერული კვლევის შედეგების თაობაზე, რომლის თანახმად უკანასკნელი 100 წლის მანძილზე ატმოსფეროში მოვედრილი CO2 -ის შემცველობა გაზრდილია 10 %-ით. ამასთან ძირითადი ნაწილი (360მლრდ ტ) მოხვდა ატმოსფეროში საწვავის წვის შედეგად.

მეცნიერთა ვარაუდით, თუ საწვავის მოხმარების ტემპები შენარჩუნებული იქნება მაშინ უახლოეს 50-60 წელიწადში ატმოსფეროში CO2 -ის რაოდენობა გაორმაგდება და გამოიწვევს კლიმატის გლობალურ შეცვლას.

ძალზე მნიშვნელოვანია ერთი სახელმწიფო გადაწყვეტილების შესახებ ეკ-ის წევრი ქვეყნებისთვის. ეს არის იმ სატრანსპორტო სახეების შეზღუდვა, რომლებიც ყველაზე მეტად აბინძურებენ გარემოს. ამ წესიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას, კერძოდ: გერმანიაში - 40 Э, შვეცია - 113 Э, ინგლისი - 1205 Э.(10)

კლიმატის ცვლილება აღიარებულია, როგორც კაცობრიობის წინაშე მდგარი უმწვავესი გამოწვევა. თანამედროვე საზოგადოების, მეცნიერების შეშფოთებას იწვევს ის, რომ გლობალური კლიმატი იცვლება სწრაფად. რადგან ქვეყნების ბუნებრივ რესურსებს და ეკონომიკის დარგებს განსაზღვრავს მათ ტერიტორიაზე არსებული კლიმატური პარამეტრები, კლიმატის ცვლილება აუცილებლად დააყენებს ქვეყნებს მათი ეკონომიკური მიმართულებების შეცვლის საჭიროების წინაშე.

სპეციალისტთა აზრით, არსებობს კვლევები, რომლებიც წინასწარ განჭვრეტენ, რომ კლიმატური ცვლილებები სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა გზით, ხელს უწყობს მათ შორის ეპიდემიების გავრცელებას. 

დღესდღეობით ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული და „გამოგონებული“ აქტუალური გლობალური პრობლემების გადაწყვეტის საშუალებები, თუმცა კაცობრიობის ნორმალური განვითარების გზა უკვე განსაზღვრულია და ამ „მაგისტრალურ გზას“ მდგრადი განვითარება ჰქვია.

მდგრადი განვითარების საკითხი თანდათან მოიცავს მსოფლიო საზოგადოებას. მაგ., რამდენიმე ევროპული ქვეყანა ცდილობს, 2030 წლისთვის გახდეს CO2-ის ნულოვანი გამონაბოლქვის სამრეწველო ქვეყანა. სწორედ დაბინძურების დონის შემცირების ხელმშეწყობი ტექნოლოგიების შექმნასა და ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებას მოიაზრებს მდგრადი განვითარების ინსტრუმენტი - მწვანე ეკონომიკის კონცეფცია.

გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის მწვანე ეკონომიკური ინიციატივის შესაბამისად, მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც ამცირებს გარემოსდაცვით რისკებს და ეკონომიკურ პრობლემებს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას. ამ პროცესში თითქმის ყველა ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველოც.

აშშ-სა და ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების განვითარებისა და გამოყენების შესაძლებლობებმა დიდი გავლენა მოახდინა გარემოში დამაბინძურებლების გაფრქვევის, გარემოს დეგრადაციისა და რესურსების უარყოფითად გამოყენების შესამცირებლად.

ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც დიდი ყურადღება ექცევა ეკოლოგიურად მისაღები ტექნოლოგიური წარმოების განვითარებასა და ეკოლოგიურად დასაშვები წარმოებრივი ტექნოლოგიების დანერგვას.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბევრ ევროპულ ქვეყანაში მიმდინარეობს გაფართოებული ეკოლოგიზაცია, იქმნება კვლევითი ცენტრები, მზადდება სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამები, რომლებიც გამიზნულია ეკოლოგიური ინოვაციური ტექნოლოგიების მხარდასაჭერად.

სასურველია, ჩვენმა ქვეყანამ გაიზიაროს ამ ქვეყნების გამოცდილება გარემოს დაცვისა და მდგრადი მომავლის აშენების მიმართულებით.

მიგვაჩნია, რომ გარემოს დაცვა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა უნდა გახდეს. იგი უნდა დაიწყოს ეკონომიკის ტექნიკურ-ტექნოლოგიური დონის ამაღლებით, რაც დიდ საზოგადოებრივ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. ვფიქრობთ, ამასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანთა ცნობიერებისა და შეგნების ამაღლებაც. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. გუროვა ი., მსოფლიო ეკონომიკა. თბილისი. 2014.

2. დვალიშვილი ლ., გარემოს დაცვის ეკონომიკური პრობლემები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი. ინსტიტუტის 75 და ჟურნალ „ეკონომისტის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული. თბილისი 2019.

3. დვალიშვილი ლ., ჰაერის დაცვის სფეროში საკანონმდებლო სისტემის განვითარების საერთაშორისო გამოცდილების შესახებ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი. პროფესორ გოირგი წერეთლის დაბადებიდან 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო მასალების კრებული. თბილისი 2017

4. დვალიშვილი ლ., ინოვაციები ჰაერის დაცვის სფეროში საქართველოში: არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი. სამეცნიერო შრომების კრებული XIII. თბილისი 2020

5. დვალიშვილი ლ., ატმოსფეროს დაცვის ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირის ქვეყნებში.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი. სამეცნიერო შრომების კრებული XII. თბილისი 2019

6. ვეშაპიძე შ., გრიშიკაშვილი ა., ლეკაშვილი ე., ასლამაზაშვილი ლ., მსოფლიო ეკონომიკა. თბ., 2008.

7. შენგელია თ., გლობალური ბიზნესი, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2013.

8. ურუშაძე თ., მაჭავარიანი ლ. გამოყენებითი ეკოლოგიის საფუძვლები. თსუ გამომცემლობა 2013

9. წერეთელი გ., გარემო ბუნების დაცვის ეკონომიკური პრობლემები. თბ., 1987

10. https://www.epochtimes.com.ua/ru/novosti/novye-mery-po-borbe-s-

zagryazneniem-vozduha-v-es-123782

11. radiotavisupleba.ge/a haeris dabindzurebit.gamotsveuli-sikvdilianoba/29130956.html

12. www. Greenpeace.com

13 .https://www.greenalt.org

14. https://mepa.gov.ge

15. https://matsne.gov.ge

16. www.air.gov.ge

17. https://www.tbilisi.gov.ge

18. https://www.Iqair.com/georgia